სოციალურად დაუცველთა აქციას მერია გამოეხმაურა

სოციალურად დაუცველთა აქციას მერია გამოეხმაურა

სოციალურად დაუცველთა საპროტესტო აქციას თბილისის მერია გამოეხმაურა. როგორც მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ განაცხადა, აქციებს სოციალურად დაუცველები უკვე მერამდენედ მართავენ, თუმცა ამ აქციებს არავითარი შედეგები არ ექნება. 

"თუ მათ გააპროტესტეს კრიტერიუმები, მაშინ როგორ უნდა შევარჩიოთ ბენეფიციარები, კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარე სოციალური ბინების განაწილებას ეხება, შეიქმნა კომისია, რომელშიც მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო და საზოგადოებას ვარწმუნებთ, რომ პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება. ყველას, ვინც განცხადებას დაწერს ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნაზე, სახელმწიფო უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა პირველ რიგში ბინებით დაკმაყოფილება ესაჭიროება ყველაზე გაჭირვებულებს", - განაცხადა მამუკა ქაცარავამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სოციალური საბინაო პოლიტიკის განვითარება ახლა იდგამს ფეხს და მერიის მიზანია, რომ პირველ რიგში დამკვიდრდეს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის გარეშეც ეს პოლიტიკა ვერაფრით ვერ განვითარდება.

"უნდა დამტკიცდეს ბენეფიციართა შერჩევის ძალიან გამჭვირვალე და ობიექტური სტანდარტები, რომელზეც საკრებულოში გუშინაც იყო მსჯელობა. ამის გარეშე სოციალური საცხოვრისში ბენეფიციართა შერჩევა შეუძლებელი იქნება. თუ ჩვენ ამ ტიპის აქციებზე, შეჭრებზე, ან ყველა მოთხოვნაზე დავიწყეთ რაღაც გადაწყვეტილების მიღება, ამ პოლიტიკას მომავალი არ ექნება. ეს არის მგრძნობიარე თემა, რომელსაც ძალიან მკაცრი საკანონდებლო ბაზა ჭირდება და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ", - განაცხადა მამუკა ქაცარავამ.

ამ წუთებში სოციალურად დაუცველები ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.