ქუთაისში, პარლამენტის წინ ადვოკატები ერთმანეთს ბორკილებით გადაებნენ

ქუთაისში, პარლამენტის წინ ადვოკატები ერთმანეთს ბორკილებით გადაებნენ

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ადვოკატთა აქცია მიმდინარეობს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ორგანიზებულ აქციაზე ათეულობით ადვოკატი ერთმანეთზე ბორკილებით არის გადაბმული. ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლში ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ადვოკატების უფლებები იზღუდება.

როგორც ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ამ მუხლში შესატანი ცვლილებების შედეგად ყველა ადვოკატს ფაქტობრივად ბორკილებს დაადებენ და სწორედ ამიტომ სიმბოლურად ბორკილებით დგანან.
მისივე თქმით, თუ კანონპროექტში ცვლილებებს არ შეიტანენ, პერმანენტულ აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავენ.

"უპრეცედენტო აქცია იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. პარლამენტი საზოგადოების წინააღმდეგ ნაბიჯს ვეღარ გადადგამს", - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, მათ სურთ მსოფლიოს აჩვენონ, რატომ დგანან დღეს პარლამენტის შენობასთან.

როგორც ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი აქცია.