მაია ფანჯიკიძე - ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა უფრო მეტი დადებითი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან

მაია ფანჯიკიძე - ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა უფრო მეტი დადებითი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან

ბატონი ბიძინა ივანიშვილი მართალია, ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა უფრო მეტი დადებითი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.

"ვნახოთ რა იქნება, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დატვირთული თვე, 5 ივნისს პრაღაში გაიმართება აბაშიძე-კარასინის შეხვედრა. 26 ივნისს კი ჟენევის მოლაპარაკებებია და ყოველივე ამის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთება სურათი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც დღეს ამ თემაზე დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება.

"ის რაც ხდება, ძალიან არასასიამოვნო, მართალი რომ გითხრათ, გაუგებარიცაა. რამეთუ მე მეგონა სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდა ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. ჩვენ არ ვაკლებდით არაფერს სიტუაციის დასალაგებლად. ჩემთვის გაუგებარია და მაქსიმალურად ვცდილობთ გავერკვიოთ საიდან მოდის ეს, უმაღლესი ხელისუფლებიდან თუ... არ გამოვრიცხავ, რომ ეს მინისტრის, ან დაბალ დონეზე, შესაძლოა, გენერლის დონეზეც წყდებოდეს. ძალიან სამწუხაროა... მე მძიმე დასკვნების გაკეთებას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს ჩვენი შერბილებული რიტორიკის შედეგია. ამას არ ვეთანხმები. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური, ნორმალური, ჯანსაღი რიტორიკა, რომელსაც არ ვფარავთ და ისევ გავაგრძელებთ. ვცდილობთ, ყველაფერი დავალაგოთ დიპლომატიით და ნორმალური გამონათქვამებით და არა ომით. რთულია, ადრეც არასდროს არ მითქვამს, რომ მოვალთ და ხუთ წუთში ყველაფერს დავალაგებთ. რა თქმა უნდა, სიტუაცია საიდანაც ჩვენ დავიწყეთ იყო ძალიან რთული და დღესაც არის რთული, ეს, რა თქმა უნდა, მარტივად ვერ დალაგდება და ჩვენ არასდროს არ გვქონია ამის ილუზია. მაშინაც კი, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, მე არასდროს ამ საკითხს არ ვამართლებდი. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. თუ გნებავთ, ეს ფაქტიც ამას ადასტურებს. მე არასდროს არ მითქვამს, რომ ჩვენ მოვალთ და ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდება" , - აცხადებს პრემეირი "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.