ზურაბ აბაშიძე - საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე მოვლენებს კარასინთან შეხვედრაზე გვერდს ვერ ავუვლით

ზურაბ აბაშიძე - საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე მოვლენებს კარასინთან შეხვედრაზე გვერდს ვერ ავუვლით

საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე მოვლენებს გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე გვერდს ვერ ავუვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევადენლი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, მხარეები შეხვედრაზე ამ საკითხს შეეხებიან, თუმცა საგნობრივი განხილვა ვერ მოხდება, რადგან ამგვარი თემები ჟენევის ფორმატს ეკუთვნის.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ ვითარების მთელი სიმწვავით განხილვა უნდა მოხდეს ჟენევაში, საქართველომ საკუთარი პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დასავლელ პარტნიორებთან მაქსიმალურად უნდა დააფიქსიროს.

"ჩვენ განვიხილავთ იმ საკითხებს, რასაც აქამდე განვიხილავდით და შევაჯამებთ დიალოგის დაწყებიდან დღემდე პერიოდს. ითქვა, რომ რა დროს პროდუქციის ექსპორტზე საუბარია. ღვინოს ჩვენ იქ საჩუქრად არ ვაგზავნით და საქეიფოდ არ მივყვებით, ეს არის ექსპორტი, რაც გააძლიერებს ჩვენს კომპანიებს და ეკონომიკას. ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები და გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რათა პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთში არ ავურიოთ. ჩვენ რუსეთს ვაკრიტიკებდით და დღემდე ვაკრიტიკებთ იმისთვის, რომ პოლიტიკასა და ეკონომიკას ერთმანეთში ურევს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კარასინთან შეხვედრაზე ადამიანურ პოზიციას "მთელი სიმწვავით", თუმცა ამ საკითხის საგნობრივად განხილვას შეუძლებლად მიიჩნევს.

"რუსეთისგან იქნება პასუხი, რომ ამისთვის არსებობს ჟენევა და ამაზე იქ ვისაუბროთ. ჩემი პოზიციაც ასეთია, რომ პრინციპულად არ უნდა დავუშვათ ეს თემები ჟენევიდან ორმხრივ ფორმატში გადმოვიდეს, ამით ჩვენ დავზიანდებით", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.