შსს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურებას მომავალ კვირაში გეგმავს

შსს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურებას მომავალ კვირაში გეგმავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურებას მომავალ კვირაში გეგმავს. ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"რა თქმა უნდა, მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ვაკრიტიკო წინა მთავრობა, თუმცა ეს არქივი წარმოადგენს იმის თვალსაჩინო მაგალითს, თუ როგორ მუშაობდა წინა მთავრობა, რა მეთოდებს იყენებდა ხალხის წინააღმდეგ. არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საკუთარი გუნდის წევრების წინააღმდეგ. ეს სამარცხვინო ფაქტია, რის გამოც ჩვენ ვგეგმავთ არქივის განადგურებას მომდევნო კვირაში. ჩვენ მოვილაპარაკეთ სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, რომ არქივი უნდა განადგურდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, ახალი ხელისუფლება ყველას, ვისაც უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების ასლები გააჩნია, უწყებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში ამნისტიას სთავაზობს.
"ჩვენ ამნისტიას ვთავაზობთ ყველას, ვისაც გააჩნია ამ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების ასლები. მათ შესაძლებლობა მიეცემათ ერთი თვის განმავლობაში ჩაგვაბარონ ჩანაწერები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებიან კანონის მიხედვით. მე წარმოვადგენ იმ მთავრობას, რომელმაც ჩემი პირველი მოადგილე დააპატიმრა, იმიტომ რომ მან დაარღვია კანონი, სწორედ ასე მუშაობს ჩვენი მთავრობა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.