პრეზიდენტსა და უმცირესობას შორის დახურული შეხვედრა გაიმართა

პრეზიდენტსა და უმცირესობას შორის დახურული შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის გუშინ საღამოს, ქუთაისში დახურული შეხვედრა გაიმართა.

მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის ოფისი უკომენტაროდ დატოვა. ჟურნალისტებისთვის კომენტარები საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა პეტრე ცისკარიშვილმა, თინათინ ბოკუჩავამ, მიხეილ მაჭავარიანმა და გიორგი ღვინიაშვილმა გააკეთეს.

როგორც უმცირესობის წევრებმა განმარტეს, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რადგან დაკავებულია პარტიის გენერალური მდივანი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შეცვალონ გეგმები და სტრატეგიები და სხვა გეგმით იმოქმედონ.

თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, მათ ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ ქვეყანა იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში. კერძოდ, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს უკვე ხელს არ ართმევს საზღვარგარეთ არავინ და ქვეყანა რჩება მხოლოდ რუსეთის ამარა, "იმ რუსეთის, რომელმაც რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია საოკუპაციო საზღვრები, რაზეც პრემიერ-მინისტრს რეაგირება არ ჰქონია".