დავით ზალკალიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აიძულონ რუსეთი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები

დავით ზალკალიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აიძულონ რუსეთი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები

"ევროპის საბჭო აგრძელებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ვალდებულებების მონიტორინგს და საკითხი "კონფლიქტი საქართველოში" დგას ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში", – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1171-ე სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მეშვიდე კონსოლიდირებული მოხსენება კონფლიქტზე საქართველოში.

"მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო აგრძელებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ვალდებულებების მონიტორინგს და საკითხი "კონფლიქტი საქართველოში" დგას ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. გენერალური მდივნის მოხსენებაში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, რომელმაც თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმის ფაქტზე და მოუწოდა ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რათა აიძულონ რუსეთის ფედერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოხსენება, საქართველოსთან ერთად დადებითად შეაფასეს ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთდა განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თაობაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

განცხადებაში ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა, აფხაზეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლებისა და რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობა. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა გამო.

"განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ამჟამად ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიმდინარე ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესით. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა. ევროკავშირის განცხადებას მიუერთდა მოლდოვა, ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, ისლანდია, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნორვეგია, სან მარინო. სხდომაზე გავრცელდა სუამ-ის განცხადება გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისა და ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეშვიდე კონსოლიდირებულ მოხსენებას, ასევე, ევროკავშირისა და შUAM-ის განცხადებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით",-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის პროცესები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. სამინისტროს ინფორმაციით, ტორბიორნ იაგლანდმა ხაზი გაუსვა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ეფექტურობას. მან ასევე დააფიქსირა, რომ გაგრძელდება კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენა და საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.