ზაზა ხატიაშვილი

ზაზა ხატიაშვილი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებას მიესალმება

"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას მიესალმება. 

როგორც ჟურნალისტებს ხატიაშვილმა განუცხადა, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილისა და შსს-ს მხრიდან პარლამენტზე განხორციელდა ზეწოლა, რის გამოც კანონის 111-ე მუხლი ღამე შეცვალეს.

ზაზა ხატიაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა ვეტოს დაძლევის პროცეში და დაშვებული შეცდომა გამოასწორონ. "111-ე მუხლის მეორე ნაწილი აამოქმედეს ისე, რომ ადვოკატი ვერ გამოიყენებს და წაგვართვეს მტკიცებულებების გამოკვლევის ძირითადი უფლება. ამით ბოლშევიზმის ეპოქაში დააბრუნეს საქართველო. მე მივმართე საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს პრეზიდენტს და ძალიან მიხარია, რომ ამ კანონს დღეს ვეტო დაედო. პარლამენტარები მეუბნენიან, რომ შეეშალათ. თუ შეეშალათ, აქვთ შანსი, რომ გამოასწორონ და ვეტოს დაძლევაში არ მიიღონ მონაწილეობა", - აღნიშნა ხატიაშვილმა.

"ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელის თქმით, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, ადვოკატს არ ექნება უფლება მიმართოს სასამართლოს ამოღებისა და ჩხრეკის თაობაზე, რაც არის საშინელი ფაქტი და რომელსაც ის სამი წლის განმავლობაში აპროტესტებდა. "ადვოკატს ეს უფლება ჰქონდა კომუნისტური სახელმწიფოს დროს და დღევანდელ საქართველოში წაართვეს", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.