ევროკავშირი და სუამ-ი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ

ევროკავშირი და სუამ-ი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1171-ე სხდომაზე საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მეშვიდე კონსოლიდირებული მოხსენება განიხილეს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ვალდებულებების მონიტორინგს აგრძელებს და საკითხი "კონფლიქტი საქართველოში" ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას. გენერალური მდივნის მოხსენებაში განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე გაკეთდა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოხსენება საქართველოსთან ერთად დადებითად ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა შეაფასეს.

"ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთდა განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თაობაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. განცხადებაში ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა, აფხაზეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლებისა და რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობა. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა გამო. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ამჟამად ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიმდინარე ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესით. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა. ევროკავშირის განცხადებას მიურთდა მოლდოვა, ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, ისლანდია, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნორვეგია, სან მარინო.

სხდომაზე გავრცელდა სუამ-ის განცხადება გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისა და ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეშვიდე კონსოლიდირებულ მოხსენებას, ასევე ევროკავშირისა და SUAM-ის განცხადებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სამინისტრო გამოხატავს ღრმა რწმენას, რომ სხდომაზე განვითარებული მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმულ მორიგ მნიშვნელოვანი ნაბიჯს წარმოადგენს, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად.