ნინო გიორგობიანი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გელა ხვედელიძე საზღვარგარეთ იმყოფება

ნინო გიორგობიანი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გელა ხვედელიძე საზღვარგარეთ იმყოფება

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე საზღვარგარეთ იმყოფება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგობიანმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გელა ხვედელიძემ საქართველო დატოვა, სიცრუეა.

რაც შეეხება მირიან თოფურიას, მისი თქმით, ის კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ ნამდვილად მუშაობს. "ვადასტურებ, რომ მირიან თოფურა კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობს. სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის გათავისუფლებული იყო სამინისტროდან გუნავას საქმესთან დაკავშირებით", – აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ გელა ხვედელიძე საზღვარგარეთ "ძალიან განცხრომით" ცხოვრობს. "გელა ხვედელიძე, რომელზეც შს მინისტრმა ზარ-ზეიმით გამოაცხადა, რომ დააკავა სერიოზულ და მძიმე სამართალდარღვევაზე, 5000 ლარის გირაოთი არის გარეთ. შს მინისტრის პირველი მოადგილე, ჩვენი ინფორმაციით, საზვარგარეთ არის გაცილებული, ფინანსური რესურსიც აქვს საკმარისი და ძალიან განცხრომით ცხოვრობს, რომ ენას კბილი დააჭიროს და სხვა თემებზე არ ილაპარაკოს", - აღნიშნა საყვარელიძემ.

გარდა ამისა, საყვარელიძის განცხადებით, თენგიზ გუნავას საქმეზე "დასჯილი" ერთ-ერთი პოლიციელი კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. "იმ ფონზე, როდესაც სრულიად უდანაშაულო 6 პოლიციელს სრულიად უსაფუძვლოდ აპატიმრებენ, გუნავას საქმეზე, დიდი ზარ-ზეიმით დასჯილი და გათავისუფლებული პოლიციელები დღეს წინაურდებიან. ერთ-ერთი მათგანი, რომლის სახელი და გვარია მირიან თოფურიაა და გუნავას დაკავების ოქმი შეადგინა, დღეს არის კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე. აი, ეს არის თქვენი სამართლიანობის აღდგენა", - აღნიშნა საყვარელიძემ.