პრეზიდენტმა ვეტო კიდევ ერთ კანონპროექტს დაადო

პრეზიდენტმა ვეტო კიდევ ერთ კანონპროექტს დაადო

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კიდევ ერთ კანონპროექტს - "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" გახორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მიბრუნებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს: - კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს ეხება.

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, ერთი წლით ადრე - მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდეს.

პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს შეეხება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.

პრეზიდენტი საკუთარ მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაციბისა და ადვოკატთა ასოციაციის მოსაზრებები გაითვალისწინა.

პრეზიდენტის შენიშვნები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.