შსს–მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს–მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული დემნა ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელი – 1979 წელს დაბადებული ალექსანდრე ნონეშვილი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გურჯაანის რაიონის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მას გულმკერდის მარცხენა ნახევარში ერთი შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დემნა ზ. მომხდარიდან რამდენიმე საათში გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, მისივე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.