ევროსაბჭოს თანამომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს

ევროსაბჭოს თანამომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები - მაიკლ ასტრუპ იენსენი და ბორის ცილევიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ , ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ სასამართლო საქმე გამჭვირვალედ წარიმართოს. ამის შესახებ განცახდებას საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებენ. 

"მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში თავიდან იქნას აცილებული არაობიექტურობის ნებისმიერი აღქმა ან პოლიტიკური მოტივაცია", - ნათქვამია მაიკლ ასტრუპ იენსენისა და ბორის ცილევიჩის განცხადებაში, რომლებიც აღნიშნავენ, რომ პროცესი უნდა განხორციელდეს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად.

გარდა ამისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები გავრცელებულ განცხადებაში გმობენ თბილისში, 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს მომხდარ ძალადობას.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში მსგავს ძალადობასა და აშკარა არატოლერანტობას ადგილი არ აქვს. განსაკუთრებულ წუხილს გამოვთქვამთ ამ ძალადობაში სასულიერო პირების მონაწილეობის გამო. ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებლური ეკლესია დიდი მორალური ავტორიტეტით სარგებლობს. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამ მიუღებელი ძალადობის მონაწილე ყველა დამნაშავეს სასამართლო წესით გაასამართლებს", - აცხადებენ თანამომხსენებლები.

მაიკლ ასტრუპ იანსენი და ბორის ცილევიჩი ასევე მიესალმებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ 17 მაისის ძალადობაში მონაწილე ყველა დამნაშავე დაისჯება, მათ შორის - სასულიერო პირებიც.

თანამომხსენებლები ყურადღებით დააკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს საქართველოს მონიტორინგის ჩარჩოებში.