იანუკოვიჩი მზადაა, რუსეთს გაზსადენები მისცეს

იანუკოვიჩი მზადაა, რუსეთს გაზსადენები მისცეს

უკრაინის ხელისუფლება მზადაა, რუსეთს მაგისტრალური გაზსადენების კონტროლი დაუთმოს გაზზე ფასების შემცირების სანაცვლოდ. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტ–უკრაინა“ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის მოლაპარაკებები ამ შაბათ–კვირას, სოჭში შედგა.

ენერგეტიკის სამინისტროში არსებული წყაროს ცნობით, საუბარია უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის მაკონტროლებელი კონსორციუმის შექმნაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, „გაზპრომი“ მთავარი მონაწილე იქნება.

ამასთან, „კომერსანტის“ წყაროების ცნობით, რუსი მონოპოლისტი მხოლოდ მაგისტრალურ გაზსადენებს მიიღებს, გამანაწილებელი კი ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს ჯგუფ „ვეტეკში“ შევა.

რუსეთი, უკრაინა და ევროკავშირი უკრაინის მაგისტრალური გაზსადენების ბედს რამდენიმე წელია განიხილავენ. უკრაინის გაზგამანაწილებელი სისტემა მოდერნიზაციას მოითხოვს, რასაც კიევი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს.

„გაზპრომს“ არაერთხელ განუცხადებია, რომ მზადაა მოდერნიზაციაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა უკრაინა მზად არ არის, მოსკოვს საკუთარი გაზსადენების კონტროლი გადასცეს, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი თანხებით უზრუნველყოფს. უკრაინა ფულს საწვავის ტრანზიტით იღებს.

ბოლო წლებში „გაზპრომმა“ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ უკრაინის გავლით მიწოდება შეემცირებინა. კერძოდ, ჩაუშვა „ჩრდილოეთის ნაკადი“ და დაიწყო „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობა, ასევე მუშაობს ბელორუსის გავლით მიწოდების გაზრდის გეგმებზე.

აპრილის ბოლოს უკრაინაში რუსეთის ელჩმა მიხეილ ზურაბოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უზრუნველყოფს ყოველწლიურად 60 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტს უკრაინის ტერიტორიაზე, თუკი კიევი გაზის ტრანსპორტირების სისტემის მართვის მიზნით ორმხრივ კონსორციუმს შექმნის.

ზურაბოვი ასევე აღნიშნავდა, რომ რუსეთი ეჭვის თვალით უყურებს სამმხრივი კონსორციუმის შექმნას, რომელშიც ევროკავშირიც ჩაერთვება, რადგან ევროკავშირი არ იძლევა მოხმარების მოცულობების გარანტიებს.

თავის მხრივ, ევროკავშირი უკრაინას გაზის ტრანსპორტირების სისტემის მოდერნიზებისთვის, სამმხრივი კონსორციუმის ფარგლებში, თანხების გამოყოფას დაპირდა.

მარტში საქმიანი მედია წერდა, რომ „გაზპრომი“ კიევს გაზის საფასურის უკანა თარიღით, 2013 წლის პირველი იანვრიდან შემცირებას დაპირდა, თუკი უმაღლესი რადა პირველ ივნისს მიიღებს შესწორებებს კანონმდებლობაში, რომელიც გაზის სატრანსპორტო სისტემის იჯარით გაცემის ნებართვის დაკანონებას გულისხმობს.