მოსკოვში ქართულ-რუსული ბიზნეს-ფორუმი დახურულ ფორმატში ჩატარდა

მოსკოვში ქართულ-რუსული ბიზნეს-ფორუმი დახურულ ფორმატში ჩატარდა

ქართულ-რუსული ბიზნეს-ფორუმი მოსკოვში დახურულ ფორმატში ჩატარდა. ფორუმის ორგანიზატორ საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრში რადიო „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ფორმატის შეცვლა ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ გაურკვეველმა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა განაპირობა.

ცენტრის დირექტორის თქმით, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურები ფორუმთან მიმართებაში კონკრეტულ პოზიციებს არ დააფიქსირებენ, კერძო სექტორმა საუბარი დახურულ კარს მიღმა ამჯობინა. გიორგი სეთურიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე საუბარია სოფლის მეურნეობასა და უძრავი ქონების სფეროებში განსახორციელებელ პროექტებზე. მისივე ინფორმაციით, ინვესტიციების შემოდინება რუსეთიდან ზაფხულში დაიწყება, ხოლო აქტიური სახე პროცესს შემოდგომიდან ექნება.

სეთურიძის შეფასებით, პროექტების ეფექტური განხორციელება ქვეყნებს შორის პოლიტიკური რისკების შემცირებაზეა დამოკიდებული.