ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებები მზადდება

ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებები მზადდება

ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მზადდება. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს აცნობა , აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინიციატივები უმოკლეს ხანში იქნება წარდგენილი.

"ბევრი უხერხული მომენტია დატოვებული კონსტიტუციაში წინა ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის ერთ-ერთი ორმაგი მოქალაქეობის საკითხს ეხება. ვფიქრობ, ეს და სხვა საკითხები დროულ და ოპერატიულ ჩარევას და გასწორებას საჭიროებს. ამ თემებზე აქ გარკვეული ინიციატივები უმოკლეს ხანში იქნება", - აღნიშნა ძიძიგურმა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მოქმედი კონსტიტუციით, სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. ასევე კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამასთან, გასულ წელს, მას შემდეგ რაც პოლიტიკიაში ჩართულმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, კონსტიტუციაში "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივითა და ყოფილი სახელისუფლო გუნდის მხარდაჭერით უპრეცედენტო ნორმა ჩაიდო. კერძოდ, დღეს ქვეყნის უმაღლესი კანონი ამბობს, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში, აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც ორმაგ მოქალაქეებს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებას უზღუდავს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმისა და საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში პრემიერის პოსტს დაკარგავს.