საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი შეწყვიტოს

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი შეწყვიტოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი შეწყვიტოს, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან სოფელ დიცისა და სოფელ დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

"ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, უპირველესად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას. გარდა ამისა, აღნიშნული უკანონო ქმედება უგულებელყოფს და ეწინააღმდეგება ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების და სხვა სამოქალაქო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს. მსგავსი პროვოკაციული ქმედება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარებისა და საერთაშორისო მექნიზმების არარსებობის ფონზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს უცხოელ პარტნიორებს მიაწოდებს, რათა მათ "აღნიშნულ უკანონო ფაქტებზე" სათანადო რეაგირება მოახდინონ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი დაადასტურა. როგორც უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, აღნიშნული, უკანონო ქმედებას წარმოადგენს, რის გამოც საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ.

ივნისის ბოლოს კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საუბარი იქნება ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც.