მამუკა არეშიძე - რუსულ მხარეს საზღვარი არ გადმოუწევია

მამუკა არეშიძე - რუსულ მხარეს საზღვარი არ გადმოუწევია

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, რუსულ მხარეს ე.წ საზღვარი სოფელ დიცთან და დვანთან არ გადმოუწევია, უბრალოდ ე.წ საზღვარზე, სადაც მავთულხლართები იყო გამართული ახლა ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყეს.

ამის შესახებ TSpress -ს მამუკა არეშიძემ დღეს ე.წ საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით კომენტირებისას განუცხადა.

„სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს საუბარი. რას აკეთებენ ჯერ ვერ გეტყვით, რადგან მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი, თუმცა კაპიტალურად რომ აშენებენ რაღაცას ფაქტია. საქმე ის კი არაა გადმოწიეს თუ არა, სადაც ისინი დგანან პრაქტიკულად ისიც უკანონოა.

როგორც მე ვხედავ, რუსული მხარე ადმინისტრაციულ საზღვარს კი არ მოჰყვება, არამედ სადაც სტრატეგიულად გამართლებულია, იქ აკეთებს ბარიერებს. უბედურება ისაა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკება არ ხდება, თუმცა ეს არ არის ჩვენი ბრალი, ეს რუსული მხარის ბრალია,“ - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

მისივე ინფორმაციით, 31 მაისს პრევენციის კომისიის შეხვედრაა დაგეგმილი და ამ თემაზე იქნება მწვავე საუბარი. საინტერესოა, ჩვენი წარმომადგენლები რა პასუხს გამოიტანენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებთან დიცთან და დვანთან ე.წ საზღვარი გადმოწიეს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, რუსმა სამხედროებმა სასაზღვრო ნაგებობების შენება რკინა-ბეტონის კონტრუქციით დაიწყეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ერედვის მიმართულებით ოკუპანტებს მავთულხლართი აქამდეც ჰქონდათ გავლებული, თუმცა ამჯერად პერიმეტრს ოფიციალური ნაგებობით რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით აშენებენ.

შსს რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტს ადასტურებს.

საზღვარი გადმოწევის ფაქტზე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სამინისტროში განცხადებები არ კეთდება. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საზღვრის გადმოწევის ფაქტს ისინი ვერ დაადასტურებენ და მხოლოდ შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობიან.