გერმანელი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლების შერჩევით სამართალში დადანაშაულების საფუძველს ვერ ხედავენ

გერმანელი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლების შერჩევით სამართალში დადანაშაულების საფუძველს ვერ ხედავენ

გერმანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში "ტიმოშენკოს სცენარის" განვითარებაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ სტატიას გერმანული "Deutsche Welle" აქვეყნებს. 

ტელეკომპანიის მიერ გამოკითხულ გერმანელ ექსპერტთა აზრით, ამ ეტაპზე ისინი საქართველოს ხელისუფლების შერჩევით სამართალში დადანაშაულების საფუძველს ვერ ხედავენ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საქმეში, ბერლინის ფონდის "მეცნიერება და პოლიტიკა" ექსპერტი უვე ჰალბახი ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. "საჭიროა დავიცადოთ, როგორ წარიმართება პროცესები, გაჩნდება თუ არა ეჭვი მეტოქეების პოლიტიკური რევანშის თაობაზე", - განუცხადა DW-ს გერმანელმა ექსპერტმა.

მისივე აზრით, ამ ეტაპზე ნაადრევია საქართველოს ექსპრემიერისა და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს შედარება. გერმანელი ექსპერტის თქმით, ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას ქართველთა უმრავლესობა მხარს უჭერს.

უვე ჰალბახის ამ მოსაზრებას იზიარებს "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" სამხრეთ კავკასიის ბიუროს კოორდინატორი იულია ბლეზიუსიც. "ჩვეულებრივ ადამიანებთანაც და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი მიესალმებიან ხელისუფლების ყოფილი წევრების პასუხისგებაში მიცემას", - აღნიშნავს ბლეზიუსი.

გერმანელი ექსპერტები ასევე თანხმდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარების საშიშროებაზე აღელვება ნაადრევია. იულია ბლეზიუსის განცხადებით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც "დემოკრატიას ამყარებს". "ასე რომ, უნდა დაველოდოთ, როგორ წარიმართება სასამართლო პროცესები", - აცხადებს იულია ბლეზიუსი.

უვე ჰალბახი, რომელიც თავის მხრივ აკრიტიკებს ქართული სასამართლოს ხელისუფლებაზე დამოკიდებულებას, აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინისტრია. "მან პირობა დადო, რომ მართლმსაჯულების დეპოლიტიზირებას მოახდენს. უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, შესრულდება თუ არა მისი დანაპირები", - აცხადებს გერმანელი ექსპერტი.