თამაზ თამაზაშვილის საქმეში მონაწილე პირების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

თამაზ თამაზაშვილის საქმეში მონაწილე პირების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავების საქმეში მონაწილე ყოფილი სამართალდამცველებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს. 

ყოფილი პოლიციელების საქმე პროკურატურამ სასამართლოში უკვე შეიტანა. სასამართლო სხდომა 10.00 საათისთვის არის ჩანიშნული.

მთავარმა პროკურატურამ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი სამართალდამცველები დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან: შსს-ის ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი კრავჩენკო.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი", - აცხადებენ პროკურატურაში.