საქართველო რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის

საქართველო რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას შვეიცარიის საელჩოს გავლით საპროტესტო ნოტას გაუგზავნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მინისტრის განმარტებით, საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის თვითნებურად გადმოწევის ფაქტზე, რაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. 

როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, მისი უწყება გადადგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს და ამის შესახებ გააკეთებს განცხადებას. "რუსეთის ფედერაციას შვეიცარიის საელჩოს გავლით გაეგზავნება საპროტესტო ნოტა. ასევე, ეს საკითხი დადგება ჟენევის მოლაპარაკებებზე. მე ამ თემაზე მიმდინარე კვირას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც ვისაუბრებ. გარდა ამისა, 5 ივნისს დაგეგმილია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა, რომელზეც ეს საკითხი განიხილება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საზღვრის გადმოწევა იყო თვითნებური საქციელი, რაც ჰუმანიტარულ ვითარებას ართულებს. "ჩვენ შეშფოთებული ვართ, რადგან ამგვარი თვითნებური ქმედება საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, შესაბამისად, მოვითხოვთ, დღემდე არსებული მდგომარეობის აღდგენას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.