საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის პლენარულ სესიაში იღებს მონაწილეობას

საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის პლენარულ სესიაში იღებს მონაწილეობას

ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის მესამე პლენარულ სესიაში იღებს მონაწილეობას. დელეგაციას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობს. 

ევროპარლამენტში გაიმართება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის 4 კომიტეტისა და სამუშაო ჯგუფების სხდომები. ასამბლეის კომიტეტის სხდომებზე განიხილება ანგარიშები შემდეგ სფეროებზე: აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები, სიღარიბის დაძლევა, ენერეგო უსაფრთხოება და ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სამართალთან.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ინაუგურაცია 2011 წლის 3 მაისს, ქალაქ ბრიუსელში მოხდა. ასამბლეა შედგება 120 დეპუტატისაგან - აქედან 60 წევრი ევროპარლამენტიდან და 10 თითოეული 6 ქვეყნის პარლამენტიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა. (ბელორუსის საკითხი ჯერჯერობით ღიაა - ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა, განსაკუთრებით 2010 წლის არჩევნების შემდგომმა მოვლენებმა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულმა შეფასებებმა ასამბლეაში ბელორუსის მონაწილეობა შეაფერხეს).

ევრონესტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო განზომილებაა, აღნიშნული ინსტიტუტი არის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის საპარლამენტო დიალოგის ფორუმი, სადაც განიხილება საერთო ინტერესების საკითხები ისეთ სფეროებში როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთა შორის კავშირები და მრავალი სხვა.

ევრონესტი წელიწადში ერთ პლენარულ სხდომას ატარებს, ხოლო მისი 4 კომიტეტი ორ-ორ სხდომას, რეგულარულად იმართება ასამბლეის ბიუროს სხდომებიც.