კათოლიკოს-პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა

კათოლიკოს-პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა

კათოლიკოს-პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართა საქართველოში დაბრუნდნენ. ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს საპატრიარქოში უცხოეთში არსებული ქართული დიასპორების წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე და სხვადასხვა ქვეყნის ქართული დიასპორის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები, ცნობილი საოპერო მომღერლები და ჯაზის მუსიკოსები ესწრებოდნენ. 

ქართული დიასპორის წარმომადგენლები პატრიარქმა დალოცა, მათი პრობლემებით დაინტერესდა და იკითხა, ჰქონდათ თუ არა მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი.

"გვითხარით თქვენს შესახებ, როგორ ცხოვრობთ, თუ ცუდად ხართ ჩვენ მზად ვართ მიგიღოთ სამშობლოში. ხშირად ამბობენ, გვინდა დაბრუნება, მაგრამ აქ რა გავაკეთოთ, ეს არ არის სწორი, ჩინელები, ინდოელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ხომ ჩამოდიან აქ, ისინი რას აკეთებენ", - ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ თუ ადამიანს შრომა უყვარს, შეიძლება საქართველოში ცხოვრება.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ საქართველოდან ხალხი პოლიტიკური ძალადობისა და უსამართლოს გამოც გარბოდა, ვიდრე ეკონომიკური სიდუხჭირის გამო.

ერთ-ერთმა ქალბატონმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს, რომ ერი ამ ბოლო წლებში დიდ გაჭირვებას გამოატარა და არ მოხდა ის პრეცედენტი, რომ ქართველს ქართველზე კიდევ ერთხელ ხელი აეღო.

"იმედია, თანდათან ჩვენ გავალთ სამშვიდობოზე და ახალი ხელისუფლება გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რომელიც არსებობდა", - დასძინა კათოლიკოს-პატრიარქმა.
შეხვედრაზე სტუმრების ნაწილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვთ. კათოლიკოს-პატრიარქთან საოპერო მომღერლებმა ფორტეპიანოზე სიმღერები შეასრულეს.