დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვარდების მოედანზე თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობაა გამოფენილი. მოქალაქეებს მათი დათვალიერების შესაძლებლობა დილიდან აქვთ . თითოეული სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პირადად აწვდიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს სამაშველო სამსახურის უფროსმა ინსპექტორმა ვასილ დიდბაიძემ განუცხადა, ჯამში გამოფენილია სამინისტროს 13 დასახელების ტექნიკა, მათ შორის, წარმოდგენილია SBRN რეაგირების ავტომობილი, აგრეთვე სახანძრო კვადროციკლი და აღჭურვილობა.
შსს-ს სამაშველო სამსახურმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე ასევე წარმოადგინა ტყის სახანძრო კვადროციკლი და თოვლზემავალი ბურანი. სამაშველო სამსახურის უფროსი ინსპექტორის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით შსს-ს მეტი ტექნიკა გააჩნია. მისი თქმით, წელს წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებებში პირველად არის კავშირგაბმულობის ავტომობილი, რომელსაც ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია სამაშველო სამსახურთან კავშირის დამყარება.
რუსთაველის გამზირზე ასევე წარმოდგენილია შსს-ს საბრძოლო მანქანა. გამოფენილი ტექნიკის ნაწილი დამზადებულია საქართველოში, ნაწილი კი - საზღვარგარეთ.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს ტექნიკას, როგორც "ინტერპრესნიუსს" "შავნაბადას" ბატალიონის შტაბის უფროსმა მუხრან ჯაფარიძემ განუცხადა, გამოფენილია 17 სახის სატრანსპორტო საშუალება, ასევე, სამხედრო აღჭურვილობა. "ძირითადად გამოფენილია მძიმე ტექნიკა, რომელთა ნაწილი ქართული წარმოებისაა. თითოეული სატრანსპორტო საშუალების თუ აღჭურვილობის დანიშნულებას და ფუნქციებს მოქალაქეებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები განუმარტავენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით აღჭურვილობის და ტექნიკის რაოდენობამ მოიმატა. ანალოგიური გამოფენები საქართველოს 26 ქალაქში იმართება", -განაცხადა ჯაფარიძემ.
ვარდების მოედანზე დამოუკიდებლობის დღე საზოგადოებას მიულოცეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა. ქუცნაშვილის განცხადებით, უახლესი ისტორიის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ დაკარგული თავისუფლების აღდგენა შეუძლია და, შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას კიდევ უფრო მარტივად შეძლებს, თუკი ქართველები მოთმინებით აღიჭურვებიან.
რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, გამოდარებისთანავე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, კერძოდ, კონცერტი, გამოფენები და გასართობი თეატრალიზებული წარმოდგენები დაიწყება. დღესასწაულს 21:30 როგორც თბილისში, ასევე საქართველოს 26 ქალაქში საქართველოს ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.