პირობას გაძლევთ, რომ წინ აღვუდგებით ნებისმიერ უკანონობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა ერთი იქნება, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. "პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ–წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია.
ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წეს–ჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას",-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავლის შენების პროცესში თავისი როლი შეასრულონ უმცირესობების, ყველა ეროვნების, ყველა ასაკის, ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა.
"ჩვენ, ყველას, გვაერთიანებს საერთო მიზანი და ეს არის დემოკრატიული საქართველო. ჩვენი მიზანია, ისეთი სახელმწიფოს შექმნა, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც პატივს სცემენ ადამიანის არჩევანს, სადაც მოქმედებს სამართლიანი კანონები და ამ კანონებს ემორჩილებიან, სადაც სასამართლოს განაჩენი მიუკერძოებელია, სადაც ბიზნესი თავისუფალია", - აღნიშნა ივანიშვილმა.