ქუთაისის სააპალეციო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის ადვოკატების საჩივარი და პირველი ინსტანციის მიერ პარტიის გენერალური მდივანისადმი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელების ფარგლებში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოყენების გამო დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 7-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, პროკურატურის ცნობით, ვანო მერაბიშვილს უახლოეს მომავალში დამატებითი ბრალდება 26 მაისისა და სანდრო გირგვლიანის საქმეების გამო წარედგინება.