თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია თანამოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"მინდა, სრულიად საქართველოს, თითოეულ ჩემს თანამოქალაქეს მივულოცო 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, დღე როდესაც ქართულმა სახელწიფომ საუკუნეების შემდეგ მიაღწია სანუკვარ მიზანს. და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათწლეულების განმავლობაში საქართველო იყო საბჭოთა ოკუპაციის და ძალადობის ქვეშ, 26 მაისი არის სიმბოლო გამარჯვების და გაუტეხაობის.
აქვე მინდა, ავღნიშნო, რომ სამწუხაროდ, უარი ითქვა სამხედრო აღლუმის ჩატარებაზე. მინდა, ყველას შევახსენო, აღლუმი არ არის პარტიული, პოლიტიკური ღონისძიება, ის ხალხის კუთვნილებაა და პირველ რიგში, სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ჯარისკაცების პატივისცემის ნიშანია. ვიმედოვნებ, მომავალში აღლუმის ჩატარება პოლიტიკურ კონიუქტურას არ შეეწირება.
დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი თითოეულ ქართველ სამხედროს, პოლიციელს და მოქალაქეს, ვინც დგას და იდგა საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის და ასევე მათი ოჯახის თითოეული წევრის წინაშე, ვინც თავი გასწირა სახელმწიფოსათვის. დიდი მადლობა, რომ თქვენი თავგანწირვის შედეგად ჩვენს შვილებს აქვთ დამოუკიდებელ საქართველოში 26 მაისის აღნიშვნის შესაძლებლობა და იცოდეთ, რომ ეს დღე არის მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მიუხედავად ძნელბედობისა და იმედგაცრუებისა, როდესაც ცოცხალია იდეა და მისწრაფება, თავისუფალი ხალხის ურყევ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება. მტერი ვერასოდეს გაიმარჯვებს და ერთიანი საქართველო გააგრძელებს განვითარების, წინსვლის და კეთილდღეობის დასავლურ გზას", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას მილოცვაში.