"სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული აქციის დაშლიდან, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, ორი წელი გავიდა. 2011 წლის 26 მაისს სპეცდანიშნულების რაზმებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი რამდენიმე ასეული დემონსტრანტის დაშლა 00:15 საათზე დაიწყეს. ამ დროისთვის სამართალდამცავებს დაკავებული ჰქონდათ ყველა მიმდებარე ქუჩა და რუსთაველის გამზირის ორივე მიმართულება, როგორც ქაშუეთის ტაძრის, ასევე თავისუფლების მოედნის მხარეს.
ოფიციალური მონაცემებით, 37, ხოლო არაოფიციალური ცნობებით, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებსა და დაკავებულებს შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლებიც.
შს სამინისტრომ მაშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ აქციის დაშლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა - პოლიციის თანამშრომელი ვლადიმერ მასურაშვილი და აქციის მონაწილე ნოდარ ცხადაძე.
26 მაისს დაკავებულების ზუსტი რაოდენობა არ დასახელებულა. თუმცა, ორი საათის განმავლობაში პოლიციელებმა რუსთაველის გამზირიდან ათეულობით ბორკილებდადებული დემონსტრანტი გაიყვანეს. ხშირი იყო დაკავებულებზე ძალის გამოყენებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, რისი ამსახველი ვიდეომასალა "პალიტრა TV"-მ იმავე ღამეს გაავრცელა. (იხილეთ ვიდეო: აქციის ათობით დაპატიმრებული მონაწილე კინოთეატრ რუსთაველის ფოიედან გამოჰყავთ)
აქციის დაშლის არგუმენტად, იმ დროინდელი ხელისუფლების მხრიდან 26 მაისის აღლუმის ჩატარება დასახელდა. "სახალხო კრების" აქციის ორგანიზატორებს თბილისის მერიამ დღის განმავლობაში არაერთხელ შეახსენა, რომ 24:00 საათის შემდეგ სანქციის ვადა იწურებოდა და ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. ამასთან მათ შესთავაზეს საპროტესტო აქცია სხვა ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ.
საპასუხოდ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტისგან აღლუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვდა და ხელისუფლებას მოუწოდებდა, ძალა არ გამოეყენებინა. ბურჯანაძე აცხადებდა, რომ "თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებდა, სერიოზულ წინააღმდეგობას მიიღებდა და რუსთაველის გამზირზე კუნთმაგარი და გულანთებული ბიჭები საკმაოდ იდგნენ იმისთვის, რომ ძალადობისთვის შესაბამისი პასუხი გაეცათ".
25 მაისის საღამოს, აქციის დარბევის მოლოდინის გაძლიერებასთან ერთად, გაკეთდა ფაქტის სამართლებრივი შეფასებებიც. ითქვა, რომ შეტყობინების ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიციას აქციის დაშლის სამართლებრივი საფუძველი ქონდა.
შტურმის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პროცესი შეაფასა და დემონსტრანტებს შორის ძალადობრივი კონფრონტაციის გამომწვევი ჯგუფების არსებობაზე ისაუბრა აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა. ის აღნიშნავდა, რომ ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს შორის იყვნენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც სიტუაციის დაძაბვას და კონფრონტაციის გამოწვევას ცდილობენ.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა, ამის მიუხედავად, აქციის დაშლისთვის შსს-მ სამართალდამცავების განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მობილიზება მოახდინა.
ციტატა "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის გადმოცემული ინფორმაციიდან აქციის დაშლის დაწყების მომენტში - "პარლამენტის წინ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლის გამოყენებით საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყეს. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც. აქციის მონაწილეები ალყაში არიან მოქცეული, მათ ბარიკადები აქვთ აგებული. სპეცრაზმი ყველა მხრიდანაა მობილიზებული და მომიტინგეებს ტერიტორიიდან გასვლის საშუალება არ აქვთ".
რამდენიმე წუთის შემდეგ - "ქუჩაში რამდენიმე ათეული ადამიანი უგონოდ არის დაგდებული. სპეცრაზმის თანამშრომლები მათ ხელკეტებს ურტყამდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ". (იხილეთ ვიდეო: სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა)
დაკავებულებისა და დაშავებულების ტერიტორიიდან გაყვანისთანავე დასუფთავების სამსახურმა რუსთაველის გამზირის გაწმენდა, ტექნიკურმა ჯგუფებმა კი აღლუმისთვის განკუთვნილი სცენის მოწესრიგება დაიწყეს.
26 მაისს საზეიმო აღლუმი, 11:30 საათზე დაიწყო. აღლუმის მიღების შემდეგ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოსვლისას აცხადებდა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარის მიხედვით წინა ღამეს ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის მცდელობა და იგეგმებოდა საბოტაჟის, მასობრივი არეულობების გამოწვევა.