გიორგი მარგველაშვილი - სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ადეკვატურია

გიორგი მარგველაშვილი - სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ადეკვატურია

განათლების მინისტრის ვარაუდით, სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილთან მიმართებაში ადეკვატურია. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, იურისტი არ არის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები შეაფასოს.

კითხვაზე, ხომ არ აისახება ეს პროცესი უარყოფითად საქართველოს იმიჯზე, ევროკავშირის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადებების გათვალისწინებით, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ამგვარი განცხადებების გავრცელება ნორმალურია, როდესაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს აკავებენ.

"გუშინ გავრცელებულ განცხადებებში იმედი იყო გამოთქმული, რომ ისინი სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლებენ. ასეთი განცხადებები კი ყოველთვის კეთდება, როდესაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს აკავებენ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე კი ვანო მერაბიშვილის დაკავებას სამართლიანობის აღდგენის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენა საზოგადოების დაკვეთაა.