პრეზიდენტმა არ იცის, სამართლებრივად როგორ დაუდგეს თავდებში მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს

პრეზიდენტმა არ იცის, სამართლებრივად როგორ დაუდგეს თავდებში მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს

საქართველოს პრეზიდენტმა არ იცის, სამართლებრივად როგორ დაუდგეს თავდებში ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ამ თემაზე კითხვა დაუსვეს.

ჟურნალისტის კითხვას, იმის გათვალისწინებით, რომ ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად მოიაზრებოდა, ხომ არ არსებობს პოლიტიკური პროცესის შეჩერების საფრთხე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა გაგრძელდეს.

"განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველომ დაკარგა პრეზიდენტობის კანდიდატი, ადასტურებს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. თუმცა, პროცესი უნდა გაგრძელდეს. მიმაჩნია, რომ დემოკრატიას აქვს მომავალი საქართველოში, რადგან ის უალტერნატივოა. ჩვენმა ხალხმა ნახა, როგორ გამოიყურება თავისუფალი პრესა, მთავრობის შეცვლა არჩევნების გზით, ძალიან წარმატებული მთავრობის ჩანაცვლება ახალი მოლოდინებით და იმედებით. ვფიქრობ, ხალხი ამაზე უარს არ იტყვის და საქართველოს ერთადერთი არჩევანია დემოკრატია. ეს იქნება დროებითი სიძნელეები. პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება და მიმდინარე პროცესებზე ცხელ გულზე რეაგირება ჩემგან არ არის სწორი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ფუნქციებს ვერ შეითავსებს და ამის საჭიროება არც არსებობს.

"მე მომხრე ვარ, პარტიას ჰქონდეს სრული ავტონომია გადაწყვეტილების მიღებისას. დღევანდელი სიტუაცია ნორმალური არ არის, მაგრამ ყველაზე უარესი შეიძლება იყოს ის, რომ აღარ გაგრძელდეს პოლიტიკური ან საპარლამენტო პროცესი. "ნაციონალური მოძრაობა" იმდენად კოლექტიური პარტიაა, ცალკეული ადამიანების რამდენიმედღიან სადღაც გასვლას ან გამოსვლას გავლენა არ ექნება. იმედი მაქვს, ეს რამდენიმე დღეზე მეტი არ იქნება, რადგან თუ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, საქართველოსთვის ამას ექნება შედეგები და ეს იქნება იმ ყველაფრის დაზიანება, რასაც წლების განმავლობაში, მათ შორის ამ ადამიანების მეშვეობით მივაღწიეთ. როდესაც ლაოსის და ტაილანდის ლიდერები გეუბნებიან, რომ თქვენგან გვინდა ვისწავლოთ პოლიციის რეფორმა, უხერხულია ვთქვათ, რომ პოლიციამ ის ჩასვა ციხეში, ვისგანაც უნდა ისწავლონ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.