სამშენებლო კომპანიებმა თბილისის ტერიტორიის 30 ჰექტარი გამწვანების გარეშე დატოვეს

სამშენებლო კომპანიებმა თბილისის ტერიტორიის 30 ჰექტარი გამწვანების გარეშე დატოვეს

სამშენებლო კომპანიებს ამ დრომდე არსებული მოთხოვნები რომ შეესრულებინათ, ახლა თბილისში დამატებით 30 ჰექტარი ტერიტორია უნდა ყოფილიყო გამწვანებული. ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი სამშენებლო კოდექსის ახალ პროექტთან დაკავშირებით აცხადებს.

მისი თქმით, პროექტში, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო GIZ-თან ერთად მუშაობს, ახალი არაფერია.

როსტომაშვილის განცხადებით, ახალი კოდექსი ძველის ანალოგია და მთავარია, არსებული ნორმების შესრულების მექანიზმები ამუშავდეს.

"ყველა ის ნორმა, რომელსაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, უკვე არსებობდა, უბრალოდ არ სრულდებოდა არც ერთი მათგანი,“ – აცხადებს როსტომაშვილი.

ეკონომიკისა სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, თამარ რუხაძის განცხადებით, ამჟამად, სამშენებლო და სივრცითი დაგეგმარების საკანონმდებლო დოკუმენტები რამდენიმე კანონსა და კანონქვემდებარე აქტშია მიმოფანტული, რომლებიც უკვე მოძველდა და პრაქტიკაში აღარ გამოიყენება. აქედან გამომდინარე, კოდექსი ხელს უწყობს სამშენებლო და სივრცითი კანონმდებლობის ოპტიმიზაციას, კონსოლიდაციასა და ძირითადი პრინციპების კოდიფიკაციას, პროცედურები და ტექნიკური ხასიათის წესები კი კანონქვემდებარე აქტებში გაიწერება.

კოდექსი შემუშავების პროცესშია და ბევრი საკითხი უნდა შეთანხმდეს როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე სპეციალისტებთან.

„სამუშაო შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ კოდექსის ფარგლებში მოწესრიგდება სივრცითი მოწყობა, განაშენიანების გეგმა, მშენებლობის ხარისხის კონტროლი, სამშენებლო ნებართვები, სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა და პროფესიული საქმიანობა,“ - აცხადებს თამარ რუხაძე.

მისივე თქმით, განვითარდება დაგეგმარების ინსტრუმენტები, რომლებიც საზოგადო ინფრასტრუქტურის ხარჯებს დაზოგავს; მესაკუთრე მიიღებს სარგებელს, რაც სამართლებრივად გამართულ და სტაბილურ მშენებლობას, დაგეგმვის ხარჯის შემცირებას, შენობის ხელმისაწვდომობასა და გაქირავების უკეთეს შესაძლებლობებს გულისხმობს.

რუხაძის შეფასებით, მთავარია, რომ სამშენებლო კოდექსი მშენებლობის ხარისხს უზრუნველყოფს, ენერგოეფექტურობის ნორმებს გაითვალისწინებს და თბილისში აქტუალურ, პარკირების საკითხსაც მოაწესრიგებს. მეტიც: საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება როგორც მშენებლობის ფორმა, ასევე საშენი მასალების ზემოქმედება ჯანმრთელობასა და გარემოზე.

2013 წლის მარტში, კოდექსის პროექტი და რეკომენდაციები საჯარო განხილვაზეც გავიდა.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით კი, პრობლემაა არა კოდექსი, არამედ მისი შესრულება.

მაგალითად, როსტომაშვილის თქმით, სამშენებლო კომპანიებს ამ დრომდე არსებული მოთხოვნები რომ შეესრულებინათ, ახლა თბილისში დამატებით 30 ჰექტარი მიწა უნდა ყოფილიყო გამწვანებული.

კერძოდ, ირაკლი როსტომაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო კომპანიის მშენებლობის მონაკვეთი 1000 კვადრატი იყო, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა 100 კვადრატი გაემწვანებინა, თუმცა ამას კომპანიების დიდი ნაწილი არ აკეთებდა და მათგან პასუხსაც არავინ ითხოვდა.

ამასთან, როგორც მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ახალ კოდექსზე მუშაობის დროს კონსულტაციებისთვის სამინისტროს წარმომადგენლებს მენაშენეებისთვის არ მიუმართავთ.