მოქალაქეობის ”ბრწყინვალება და სიდუხჭირე

მოქალაქეობის ”ბრწყინვალება და სიდუხჭირე" საქართველოში (ნაწილი I )




”Civis Romanus Sum" - მე რომის მოქალაქე ვარ! - ამ სიტყვებს რომის იმპერიის ნებისმიერ კუთხეში გაიძახოდნენ ადამიანები იმის იმედით, რომ მათ უფლებებს პატივისცემით მოეპყრობოდნენ, ხოლო თუ მათ უფლებებს შელახავდნენ, ამის ჩამდენი დაისჯებოდა. 

რომის მოქალაქეობა გულისხმობდა სერიოზულ პასუხისმგებლობებს (ანუ - სამოქალაქო უფლებებს) - ჯარში სამსახურს, გადასახადების გადახდას, არჩევნებში მონაწილეობას და არჩევის უფლებას. და ამავე დროს სერიოზულ მფარველობასაც იმპერიის მხრიდან (პირად უფლებებს) - ხოლო უპირველესი მათ შორის იყო - სამართლიანი სასამართლოს უფლება! 

სადაც არ უნდა ყოფილიყო რომის მოქალაქე, ვისაც არ უნდა დაეპატიმრებინა იგი, და რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, მას ჰქონდა თავისუფალი სასამართლოს მოთხოვნის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქის უფლების დამრღვევი რომის კანონით უმკაცრესად გასამართლდებოდა.

რომის მოქალაქის სიკვდილით დასჯა ღალატისათვის შეიძლებოდა, მაგრამ ამ მუხლით მისი გასამართლება მხოლოდ რომში უნდა მომხდარიყო. პავლე მოციქული, როგორც ეს ზაზა შათირიშვილის ინტერვიუშია აღნიშნული, პალესტინაში დააპატიმრეს და ღალატის ბრალდებით უნდოდათ სიკვდილით დაესაჯათ. პავლემ, რომელიც რომის იმპერიის ერთგულ დამცველად ნამდვილად არ მოიაზრებოდა, დაუყონებლივ განაცხადა - რომის მოქალაქე ვარ და მსურს კეისრის სასამართლომ რომში გამასამართლოსო! და მართლაც, ორი თვის განმავლობაში მიჰყავდათ ტუსაღი და რომში არა მარტო გაასამართლეს, არამედ გაამართლეს კიდეც.

სიცოცხლის უფლება არ იყო ისე მკაცრად გარანტირებული რომის მოქალაქისათვის, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლება!
რომის თავისუფალ მოქალაქეს სასამართლოს გარდა ვერავინ შეუზღუდავდა მის თავისუფლებას - ვერც მაგისტრი, ვერც რომს დაქვემდებარებული სამეფოების და ტერიტორიების ადგილობრივი ტირანები, და ვერც მოვალეები, თუ მოქალაქის მიერ მოთხოვნილი სასამართლო მას გამამტყუნებელ განჩინებას არ მიიღებდა. ამიტომ, როგორც კი მის მიმართ უკანონო მოპყრობას წააწყდებოდა, რომის ნებისმიერი მოქალაქე მაშინვე ხმამაღლა გაჰყვიროდა ამ მაგიურ სიტყვებს - ”Civis Romanus Sum” - და ამის გაგონებაზე ნებისმიერმა უზურპატორმა და მოძალადემ იცოდა, რომ მისი ძალადობის წინააღმდეგ ძლევამოსილი იმპერიის სამართალი იდგა.
 
სიცილიის კორუმპირებულ გუბერნატორ ვერესს, რომელმაც უცხოური გვარის მდიდარი ადამიანი თითქოსდა ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა და მისი ქონება მიისაკუთრა, ციცერონმა ბრალი დასდო უკანონობის აღსრულებაში და ძალადობაში მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ეს ადამიანი, როცა მას სახრჩობელისკენ მიათრევდნენ, მთელი ძალით გაჰყვიროდა - ”მე რომის მოქალაქე ვარ! მოვითხოვ სამართლიან სასამართლოსო!” როცა გაირკვა, რომ მოკლული მართლაც რომის მოქალაქე იყო, გუბერნატორი გაასამართლეს და სიკვდილით დასჯის შიშით იგი ქვეყნიდან გაიქცა.
 
მას მერე დიდი დრო გავიდა. რომის გარდა, იყვნენ და არიან იმპერიები, რომლებიც წინაც და დღესაც ახერხებდნენ თავისი მოქალაქეების უფლებების მსოფლიოში დაცვას. მაგ. 1850 წელს სწორედ იმ ლოზუნგის გამოყენებით დიდი ბრიტანეთის ორგზის პრემიერ-მინისტრმა და იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა პალმერსტონმა ათენში გიბრალტარის მოქალაქე მდიდარი ებრაელის დონ პასიფიკოს სახლზე თავდასხმისათვის, რომელშიც საბერძნეთის მინისტრის შვილებიც მონაწილეობდნენ, საბერძნეთს საზღვაო ბლოკადა გამოუცხადა! 8 კვირიანი ბლოკადის შემდეგ საბერძნეთის მთავრობამ სერიოზული კომპენსაცია გადაუხადა დონ პასიფიკოს, რაზეც კმაყოფილმა პალმერსტონმა ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადა, ხომ დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ბრიტანეთის იმპერიის მოქალაქის მიმართ ხელშეუხებლობის რომაული პრინციპი Civis Romanus Sum დღესაც მოქმედებსო!
 
ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა დიდი იმპერიები, ასევე მტკივნეულად რეაგირებს მისი მოქალაქეების უფლებების შელახვაზე და ამერიკელები ამას კმაყოფილებით აღნიშნავენ. საკმაოდ პოპულარულ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ 1980 წლის არჩევნების პირწმინდად წაგება რონალდ რეიგანთან სწორედ ირანის მიერ აშშ-ის საელჩოს აღების და მძევლების აყვანაზე კარტერის ადმინისტრაციის უსუსური რეაქციას (მძევლების განსათავისუფლებელი ოპერაციის სრულ კრახს) უკავშირდებოდა. ირანელებმა მძევლები რეიგანის ინაგურაციიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს და აიათოლა ჰომეინიმ მთელ მსოფლიოს განუცხადა, ეს ჩვენ დავამარცხეთ ამერიკის პრეზიდენტი კარტერიო.
ასევე ალბათ არასოდეს აპატიებენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს მისი თანამოქალაქეები იმას, თუ როგორ დაუთმო მან კადაფის დაჟინებულ მოთხოვნებს და დიპლომატიური დივიდენდების მისაღწევად გაანთავისუფლა ლიბიელი ტერორისტი, რომელმაც 250 უდანაშაულო ადამიანი შოტლანდიური ლოკერბის თავზე ”პან ამერიკენის” თვითმფრინავში ააფეთქა.
ისრაელი იმპერია არაა, მაგრამ უმკაცრესად ეკიდება საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვას მთელს მსოფლიოში. ამის მაგალითები მრავლადაა, როცა ისრაელი ლამის ომის დაწყებაზეც კი წასულა თავისი ერთადერთი მოქალაქის თავისუფლების თუ სიცოცხლის დასაცავად. და ალბათ ეს მაგალითები კიდევ უფრო გამდიდრდება - თუნდაც იმ ფასის დემონსტრირებით, რაც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადაიხადოს ისრაელი ბიზნესმენების უკანონო დაპატიმრების და უსამართლო სასამართლოს გამო.
 
ამავდროულად, ამ ქვეყნების სასამართლო სისტემა , რომელიც იდეალური ვერ არის და ვერც იქნება, მაინც აბსოლუტურ უმრავლესობაში უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებების დაცვას სახელმწიფო აპარატის ჩინოვნიკთა თვითნებობებისაგან, მათ საკუთრების უფლებას, მათ ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლებას... ანუ, პიროვნული უფლებების პატივისცემის მოთხოვნა, რასაც ეს იმპერიები თავის მოქალაქქებთან მიმართებაში სხვა ქვეყნებს ავალდებულებენ, საშინაო გარემოშიც ანალოგიურად ვრცელდება.
 
არიან სხვა ტიპის ქვეყნები, რომელთა ხელისუფალნიც, განსხვავებით ზემოთჩამოთვლილთაგან, მხოლოდ არჩევითად ახორციელებენ მოქალაქის უფლებების დაცვას - ქვეყნის გარეთ ისინი გააფთრებით იცავენ თავისი თანამემამულეების უფლებებს (განსაკუთრებით, თუ ეს ”თანამემამულეები” სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან - მაგალითად ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთსა, აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთში), მაგრამ საშინაო ასპარეზზე თავად გვევლინებიან ამავე მოქალაქეების უფლებათა მასიური დარღვევების ავტორებად. ამის მაგალითები მრავლადაა - ”კურსკის” და ”კომსომოლეცის” ტრაგედიების გამოძიებისა და ”ნორდ-ოსტისა” თუ ბესლანის შტურმიდან - ანნა პოლიტკოვსკაიას, სერგეი მაგნიტსკის, პოლ ხლებნიკოვის, ეკატერინა ბაბურინას, ევლოევის და უფლებადამცველების მკვლელობებამდე და მიხეილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევის დაუსრულებელ პატიმრობამდე. რუსეთის კრედო განსხვავებულია რომაულისაგან და, ალბათ, ყველაზე უკეთ, ამ დევიზით გამოიხატება: "Бей своих, чтоб чужие боялись!" ზუსტად ანალოგიურია სხვა ტოტალიტარული რეჟიმების მიდგომებიც - ირანი, სირია, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, კამბოჯა, მიანმა, უზბეკეთი... მათი პატრიოტიზმი ტოტალიტარულია - ანუ მხოლოდ საგარეო სურნელი დაჰკრვს - როცა საკუთარი მოქალაქეების დაცვას მხოლოდ სხვა ქვეყნებისაგან ითხოვენ და საკმაოდ აგრესიულადაც. ხოლო საშინაო მომხმარებაში ტანკებით ასობით მოქალაქის დახოცვა, თუ რეჟიმისადმი არალოიალური ოჯახის წევრების ჯგუფური გაუპატიურებები - ”ნორმალური” საქციელია და ”პატრიოტიზმს ამაგრებს”!