მეუფე იაკობი:  ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ერის პროვოცირებას აპირებდა

მეუფე იაკობი: ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ერის პროვოცირებას აპირებდა

არავის ჩავატარებინებთ იმას, რაც ერის ზნეობისა და ღირსების საწინააღმდეგოა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში მეუფე იაკობმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს მძიმე დღე იყო. 

"ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ერის პროვოცირებას აპირებდა - მიდიოდნენ ქვეყანაში სიტუაციის არევაზე. ეს იმ ჯგუფებს აწყობთ, რომელთა წიაღშიც შეიქმნა ეს ორგანიზაცია", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, პარლამენტის შენობიდან ისინი სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ, სადაც სამადლობელო პარაკლისს გადაიხდიან.

ამასთან, მეუფე იაკობი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს ჩატარებულ აქციასაც გამოეხმაურა და მასზე მისული ხალხის რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ერთ-ერთმა პარტიამ, 19 აპრილს აქცია რომ გამართა, რამდენიმე თვის განმავლობაში 5 ათასი კაცი ძლივს შეაგროვა. ჩვენ გუშინ დავიწყეთ ორგანიზება და რამდენი ხალხი შეიკრიბა. სიტუაცია კონტროლს ქვეშაა და არაფერი "ისეთი" არ ხდება", - განაცხადა მეუფემ და აღნიშნა, რომ დღევანდელ აქციას სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და "ეს იყო პროიტესტი, რაღაც ძალიანც ცუდის მიმართ".