ნავთობკომპანიების მოგების მარჟა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არ შემცირებულა

ნავთობკომპანიების მოგების მარჟა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არ შემცირებულა

ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ნავთობის საცალო და საბითუმო ფასებს შორის ქართულ ბაზარზე კვლავ 35–40 თეთრიანი სხვაობა რჩება. ამის შესახებ დღევანდელი გაზეთი „რეზონანსი“ წერს და აღნიშნავს, რომ უკვე 2 თვეზე მეტია, მსოფლიოში ნავთობი 15%–ით გაიაფდა, საქართველოში კი ფასმა მხოლოდ 2,,5%–ით დაიწია მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარი დაპირება ბენზინსა და დიზელზე ხელოვნური (როგორც თავად ამბობდნენ) ფასის შემცირება იყო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში საწვავის გაიაფებაზე გავლენა მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ფასმა მოახდინა და ბიზნეს წნეხისგან გათავისუფლება არაფერ შუაშია.

დაახლოებით ორი თვის წინ ბენზინის საერთაშორისო ფასი „პლატცის“ მიხედვით 1150 დოლარს სცილდებოდა, ამჯერად კი ეს მაჩვენებელი 928–940 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ანუ საერთაშორისო ფსი დაახლოებით 200 დოლარითაა შემცირებული. შესაბამისად, „რეზონანსის“ შეფასებით, ჩვენთან საწვავის გაიაფება არ ნიშნავს იმას, რომ ქართველმა მენავთობეებმა მაღალი მოგება შეამცირეს – საცალო და საბითუმო ფასებს შორის სხვაობა ახლაც 35–40 თეთრია. სწორედ ამ მარჟით საქმიანობდნენ მენავთობეები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.

ამ დროისთვის საერთაშორისო ფასი „პლატსის“ მიხედვით საშუალოდ 930 დოლარს შეადგენს, ბოლო პერიოდში „პლატსის“ ღირებულება 917 დოლარამდეც კი ჩამოვიდა, ამიტომ იმის დასათვლელად, საქართველოში დაახლოებით რამდენია ერთი ლიტრი ბენზინის საბითუმო ღირებულება, „რეზონანსი“ საშუალოდ 930 დოლარს იყენებს.

ლარის კურსზე დაანგარიშებით (1,64 ლარი) ერთი ტონა ბენზინის ღირებულება 1540 ლარია. ამას ემატება დღგ 277 ლარი, აქციზი 250 ლარი, ტრანსპორტირება 85 ლარი და საბოლოო ჯამში კომპანიებს ერთი ტონა ბენზინის შესყიდვისას 2152 ლარის ხარჯის გაწევა უწევთ. თუ ამ მაჩვენებელს 1300 ლიტრზე გავყოფთ (ერთი ტონა ბენზინის მოცულობა), ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,65 ლარი გამოდის. დღეს ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი ბენზინი 2–2,05 ლარად იყიდება. ამასთან, ნავთობკომპანიები ნავთობის შეძენისას საშუალოდ 5%–იანი ფასდაკლებით სარგებლობენ, რაც საბითუმო ფასს კიდევ ამცირებს.

რაც შეეხება დიზელს, ერთი ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი 850 დოლარია. იგივე ხარჯების დამატებით, საბოლოო ჯამში ერთი ტონა დიზელის ფასი 1975 ლარია. ეს მაჩვენებელი 1160 ლიტრზე რომ გავყოთ (ერთი ტონა დიზელის მოცულობა), მივიღებთ, რომ ერთი ლიტრი დიზელის თვითღირებულება 1,7 ლარია. საცალო ქსელში კი ლიტრი დიზელი 2,05 ლარად იყიდება, ანუ ამ შემთხვევაშიც სხვაობა საბითუმო და საცალო ფასს შორის 35 თეთრია.

ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, საქართველოში საწვავზე მსოფლიო ფასების ადეკვატური ფასები არ არის. გარდა ამისა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფასის გარდა, მნიშვნელოვანია საწვავის ხარისხის და რაოდენობის კონტროლი. მომხმარებელმა უნდა იცოდეს ასეთ მაღალ ფასად რა ოქტანობის საწვავს ყიდულობს და რა სიზუსტით.

ჯგერენაიას თქმით, მსოფლიოში ბარელი ნავთობი 30 დოლარით გაიაფდა, საქართველოში კი ასეთი კლება არ მომხდარა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, მთავარია არა ფასი, არამედ საწვავის ხარისხი და ჩასხმის სიზუსტე, რისთვისაც აუცილებელია აღდგეს სტანდარტიზაციის ინსტიტუტი, რომელიც ამას შეამოწმებს.

ექსპერტ დემურ გიორხელიძის თქმით, აუცილებელია კონკურენტული გარემოს შექმნა, რათა საწვავზე ხელოვნური ფასების ეპოქა დასრულდეს.

„ახლაც საქართველოში საწვავზე გაუმართლებლად მაღალი ფასებია და ეს არის იმ მონოპოლიის შედეგი, რომელიც წინა მთავრობის ხელშეწყობით შეიქმნა,“ – აცხადებს გიორხელიძე.