პროკურატურამ შპს

პროკურატურამ შპს "რუსმეტალის" უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გახსნა

შპს "რუსმეტალის" მიერ მიღებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გახსნილია. როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათთან დაკავშირებულ პირთა მიერ ორგანიზებული კორუფციის გამოვლენის მიზნით.

"ამ ღონისძიების ფარგლებში გახსნილია შპს "რუსმეტალის" მიერ საქართველოდან სილიკო-მანგანუმის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის მხოლოდ ერთ ეპიზოდში დადგენილი და დადასტურებულია დაახლოებით ორნახევარი მილიონი ლარის გათეთრების ფაქტი. დასახელებული კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელია ქალაქ რუსთავის მოქმედი მერის, ლაშა მინდელის ძმა მინდია მინდელი", - განაცხადეს პროკურატურაში.

მათივე ცნობით, საწარმოს წარმომადგენელთა მიერ საგარეო ეკონომიკური ოპერაციების დროს მიღებული მოგების დამალვის მიზნით, ყალბდებოდა ექსპორტის ამსახველი დოკუმენტები, ნამატი უკანონო შემოსავლები ირიცხებოდა მათ მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე და შპს "რუსმეტალს" უბრუნდებოდა ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც სესხის სახით მიღებული თანხა.

"შემდგომ ეტაპზე უკანონოდ ფულის წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელები ქმნიდნენ ყალბ დოკუმენტებს სესხის გასტუმრების თაობაზე, რომელთა მიხედვითაც თანხები თითქოსდა კრედიტორს უბრუნდებოდა ნაღდი ფულით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სინამდვილეში აღნიშნული თანხების ნაწილი გამიზნული იყო წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ საწარმო რომლის ბრუნვა 200 მილიონზე მეტ ლარს შეადგენდა, უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ერთხელ არ შემოწმებულა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, მითითებული თანამდებობის პირების ვინაობა მოკვლეული იქნება უახლოეს მომავალში ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობებზე პასუხის მიღების შემდეგ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.