ირაკლი ტრიპოლსკი - ზაზა მამულაიშვილს ჩემი პატივისა და ღირსების შელახვის გამო პასუხს მოვთხოვ

ირაკლი ტრიპოლსკი - ზაზა მამულაიშვილს ჩემი პატივისა და ღირსების შელახვის გამო პასუხს მოვთხოვ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ტრიპოლსკი კომპანია "რუსმეტალთან" კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ წარმოდგენა არა აქვს, რას საქმიანობს "რუსმეტალი" და ვინ არიან მისი მფლობელები.

"რუსმეტალის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ზაზა მამულაიშვილის განცხადებას, ტრიპოლსკის მიერ კომპანიის მეწილეთა ლობირების შესახებ, დეპუტატი "სიცრუესა" და "მონაჩმახს" უწოდებს.

"აღშფოთებული ვარ ამ სიცრუით. წარმოდგენა არ მაქვს, რა კომპანიაა "რუსმეტალი", არც ზაზა მამულაიშვილის ვიცნობ, არც მინდელებს ვიცნობ, არასდროს არანაირი შეხება არ მქონია და არც ვიცი, რას აკეთებენ. არ ვიცი, საიდან გაჟღერდა ჩემი სახელი და ამ საქმეს, ალბათ, ასე არ დავტოვებ. მე ამ ადამიანს ჩემი პატივისა და ღირსების შელახვის გამო პასუხს მოვთხოვ. არასდროს, არანაირ ბიზნესთან არანაირი კავშირი არ მქონია" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ტრიპოლსკიმ.

შპს "რუსმეტალის" ერთ-ერთი დამფუძნებელის ზაზა მამულაიშვილის განცხადებით, "თუ ადრე "რუსმეტალის" მეწილეებს მინდია მინდელის ძმა ლაშა მინდელი მფარველობდა, ახლა მათ ირაკლი ტრიპოლსკი მფარველობს". მამულაიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით მას დადასტურებული ინფორმაცია აქვს.

ბიზნესმენის თქმით, იგი შპს "რუსმეტალის" ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა მეწილეებთან მომხდარი უთანხმოების გამო, ამჟამად კომპანიის საქმიანობის პროცესში ვეღარ მონაწილეობს.