მაია ფანჯიკიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

"კონფლიქტი საქართველოში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგშია ყოველ კვირას" - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სტრასბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას.

"ევროპის საბჭო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რა თქმა უნდა, ეს არის საფუძველი საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის. კონფლიქტი საქართველოში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგშია ყოველ კვირას. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული მოხსენების წარმოდგენას წელიწადში ორჯერ და ეს მოხსენება ძალიან მალე იქნება წარმოდგენილი. ეს კონფლიქტი ნამდვილად არის დღის წესრიგის ნაწილი, მაგრამ, ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგია, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია მივიღოთ ძალიან კონსტრუქციული ზომები და ჩვენი საქმიანობით ხელი შევუწყოთ ჟენევაში მიმდინარე პროცესებს", - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, თავის მხრივ, მაია ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის აქტუალური იქნება ევროპის საბჭოს სამუშაო პროგრამაში.

"საქართველოს საკითხი, დასახელებით - ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში, იქნება ევროსაბჭოს ყოველკვირეული შეხვედრების მთავარი შემადგენელი ნაწილი. გარდა ამისა, წელიწადში ორჯერ იქნება წარმოდგენილი გენმდივნის კონსოლიდირებული მოხსენება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.