პრეზიდენტი ხვალ შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ ჩემს შვილს ტყვიამფრქვევები ჰქონდა

პრეზიდენტი ხვალ შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ ჩემს შვილს ტყვიამფრქვევები ჰქონდა

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი თსუ-ში გაკეთებული განცხადების გამო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას მოითხოვს. 

როგორც ვაზაგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი უნდა დაიკითხოს იმის თაობაზე, რეალურად ფაქტები თუ ჰქონდა, რომ მისი შვილი ორი ავტომატით ადამიანის დასახოცად მიდიოდა, რატომ მალავდა ამ ფაქტს პრეზიდენტი.

"ყველასთვის ცნობილია პრეზიდენტის ის განცხადებები, რომლებიც სტუდენტების შეხვედრისას გააკეთა, ის შეურაცხყოფას აყენებს უდანაშაულოდ ჩახოცილ ბიჭებს და მათ ოჯახებს. მოთხოვნა არის დაიკითხოს პრეზიდენტი. თუ აქვს ფაქტები დღემდე რატომ მალავდა, თუ არა და პრეზიდენტს ისეთი ხასიათი აქვს, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ ტყვიამფრქვევები ჰქონდა ჩემს შვილს", - განაცხადა ვაზაგაშვილმა.

მისივე თქმით, საია-ს დახმარებით მზადდება სარჩელი, რომელიც დაახლოებით 2 კვირაში შევა სასამართლოში. როგორც ვაზაგაშვილი განმარტავს, ის მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო უჩივის.