საია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს პასუხობს

საია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს პასუხობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს პასუხობს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ :

"უპირველეს ყოვლისა, გვსურს შევეხოთ პრემიერ-მინისტრის განცხადებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაპატიმრებულ თანამშრომელთა საქმეზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია, გამართლდნენ არა მხოლოდ კირვალიძე, არამედ სხვა დაკავებულებიც. "თუმცა, ამაში ეჭვი მეპარება, რამეთუ პროცესებს ვაქცევ ყურადღებას და მეც გამაჩნია კითხვები. ბედნიერი ვიქნები თუ კირვალიძე გამართლდება, მაგრამ ეს გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს", - აღნიშნა პრემიერმა.

ამავე საკითხზე საუბრისას პრემიერმა განაცხადა, რომ ის გამოძიებაში არ ერევა, რაც მისასალმებელია. თუმცა გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პრემიერის მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ კითხვები მასაც აქვს და ეჭვი ეპარება, თუ რამდენად გამართლდებიან პასუხისგებაში მიცემული პირები ვფიქრობთ, გამოძიებისთვის გარკვეული მიმართულების მიცემის საშიშროებას შეიცავს. ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ გამოძიებაზე გავლენის მოხდენა პრემიერის სურვილია. უბრალოდ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთ განცხადებებს ისმენენ, შესაძლებელია ავტომატურად მოექცნენ ასეთი გავლენის ქვეშ.

ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, პირადად კირვალიძის მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს და შესაბამისად, გაუგებარია მის გამართლებაზე საუბარი.

რაც შეეხება საია-ს მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ პრემიერის განცხადებას, ცხადია, ნებისმიერი პირის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა კანონის ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს. უფლებამოსილების გადაჭარბება ამ ჩარჩოების ფარგლებს გარეთ გასვლას გულისხმობს, რაც პრემიერის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას წარმოადგენს. ამიტომ ვისურვებდით, ამ განცხადებაში მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო თუ სად, როდის და რა მოქმედებით გადააჭარბა საია-მ თავის უფლებამოსილებას. ჩვენ ასეთ კონკრეტულ ქმედებას ვერ ვიხსენებთ.

ამავე დროს, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, თუნდაც გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას. თუ არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიურობა და უფლებამოსილების გადაჭარბება კარგი და სასურველი ქმედებაა, მაშინ ეს უარყოფით კონტექსტში არ უნდა იქნეს მოხსენიებული ("ზედმეტ აქცენტს ნუ მივცემთ, რომ საია-მ თქვა და ქვეყანა უნდა აყირავდეს").

ადამიანის უფლებების დაცვა და ანგარიშვალდებული, ეფექტური მმართველობის ხელშეწყობა საიას საქმიანობის უმთავრეს მიმართულებებს წარმოადგენს, რასაც ორგანიზაცია დაფუძნების დროიდან (1994წ) ახორციელებს (თუ რამდენად სწორად და წარმატებით ხდება ეს, საზოგადოებამ შეაფასოს). როდესაც ორგანიზაცია ამ სფეროში პრობლემებს ხედავს მისი მანდატი, დანიშნულება და მისია სწორედ ის არის, რომ ამის შესახებ სამართლებრივი შეფასება გააკეთოს, საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს და ხელისუფლებას სწორი ქმედებისკენ მოუწოდოს. ვისურვებდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩვეულებრივი ქმედება უფლებამოსილების გადაჭარბებად არ შეფასდეს და ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან მთავარი აქცენტი იმ პრობლემებზე გაკეთდეს, რომლის მოგვარებაც მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას წარმოადგენს", - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ივანიშვილი სოფლის მეურნეობის დაკავებული თანამშრომლებთან დაკავშირებით საია-ს განცხადებას ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, საია-ს აქვს უფლება, გარკვეული ეჭვი გამოთქვას და მისი განცხადებით დაინტერესებაც კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება მისი დიდი სურვილია და საია-ს აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ისევე როგორც სხვა დანარჩენებს.

"მაგრამ აქაც შევახსენებ სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც, რომ მათაც თავისი ფუნქცია აქვთ და საია ვერ იქნება ახალი მოსამართლე და ვერ ექნებათ იმაზე მეტი ფუნქცია რაც მათ აქვთ მინიჭებული, რამეთუ მე რეაგირების წინანდელ ფაქტებსაც ვიხსენებ და საზოგადოება მინდა კარგად გაეკვეს, რომ სახელმწიფო არსებობს, სახელმწიფოს ჰყავს სტრუქტურები, სტრუქტურებს აქვთ დანიშნულება და სახელმწიფოში არსებობს კანონი. ზედმეტ აქცენტს ნუ მივცემთ, რომ საია-მ თქვა და ქვეყანა უნდა აყირავდეს. მე მგონი, რომ მათ გარკვეულ დროს თავის უფლებებს გადააჭარბეს. მე მაინც მიმაჩნია, მრომ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, თუ გნებათ გადააჭარნბონ თავის უფლებებს, ოღონდ იაქტიურონ, მათ შორის საია-მაც. ოღონდ საზოგადოებას ვახსენებ, რომ ნუ წარმოიდგენთ ახალ სტრუქტურად საია-ს, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების პატარა ნაწილი", - მიაჩნია პრემიერს.