დეპუტატ პავლე კუბლაშვილის შეფასებით, აგვისტოს ომთან დაკავშიებით 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა ქვეყანას არანაირ სარგებლობას არ მოუტანს. მისივე თქმით, ეს არის "გაუგონარი რამ" რაც საკუთარი ქვეყნის წინაშე ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს.
"დღევანდელი ხელისუფლება მუდმივად, სხვადასხვა გზით, ცდილობს, რომ აქტუალური გახადოს გამოძიება აგვისტოს თვეში დაფიქსირებულ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მით უფრო საგამოძებო ორგანოების ჩართვა, საგარეო პროცესებთან დაკავშირებით არაფერ სასარგებლოს მოუტანს ქვეყანას. არამგონია, რომ ეს გვაახლოვებდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან", - აღნიშნა უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, პროკურატურა არ საუბრობს იმ ფაქტების გამოძიებაზე, რაც მართლაც დარღვევა იყო აგვისტოს ომის დროს. მისივე თქმით, პროკურატურა სწორედ აქ უშვებს შეცდომას, როდესაც საუბრობენ მხოლოდ წინა ხელისუფლების დარღვევებთნ დაკავშირებით.
როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო ჯგუფი სამი უწყების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა.
"აღნიშნული საქმის გამოძიების მნიშვნელობის, სისხლის საამართლის საქმის დიდი მოცულობისა და კომპლექსურობის გამო, აგრეთვე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდების - რომის სტატუტითა და საქართველოს მიერ ნაკისრი სხვა საერთაშორისო ვალდებულებების გათვალიწინებით, მთავარმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოება მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა. სისხლის სამართლის საქმეს საპროცესო ხელმძღვანელობას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მელქაძე და საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მედეა როსებაშვილი გაუწევენ",- აღნიშნულია პორკურატურის განცხადებაში.