ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შანსს

ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შანსს "ნულის ტოლად" მიიჩნევს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შანსს "ნულის ტოლად" მიიჩნევს. 

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნულის საშუალება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, რაც არ გამოიყენა.

"ვადამდე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას უნდა ჰქონდეს საფუძველი _ სახელმწიფოში კრიზისი უნდა შეიქმნას. ჩვენ თვითონ ამას ვერ შევქმნით, რამდენადაც უმრავლესობას წარმოვადგენთ, ხელოვნურად კიდევ ამას არ გავაკეთებთ. აღნიშნულის საშუალება პრეზიდენტს ჰქონდა და იმის ნაცვლად, რომ ეს გამოეყენებინა, 19 აპრილს დემონსტრაციაზე გამოვიდა და მთავრობაზე ჩივილი დაიწყო. ანეკდოტური სიტუაცია იყო. მშვენივრად იცით, სააკაშვილმა ეს შანსი რატომ არ გამოიყენა, ბოლომდე არ გაწირა თავისი გუნდის წევრები, რომლებიც პარლამენტში საეჭვოდ მოხვდნენ. ახლა კი უკვე ამის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ მის თარიღს პრეზიდენტი "ბოლომდე დამალავს".