ბიძინა ივანიშვილი - საშუალო და მცირე რგოლზე ამნისტიის შემოღება მოგვიწევს

ბიძინა ივანიშვილი - საშუალო და მცირე რგოლზე ამნისტიის შემოღება მოგვიწევს

პროცესები ხურდება, იცოდეთ, პროკურატურაში ძალიან ბევრი განცხადებაა შესული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, სახელისუფლო გუნდი ფიქრობს ამნისტიაზე, რომელიც უნდა შეეხოს არა მაღალი თანამდებობის პირებს, კერძოდ, არ უნდა შეეხოს პარლამენტის წევრებსა და მინისტრებს.

"მე ვფიქრობ, რომ საშუალო და მცირე რგოლზე ამნისტიის შემოღება მოგვიწევს. პროცესები ხურდება, იცოდეთ. ჯერ მე, როგორც ვიცი, პროკურატურაში ძალიან ბევრი განცხადებაა შესული. პროკურატურას ჰქონდა ძალიან ბევრი ინფორმაცია. მუშაობა მიმდინარებს და არ იქნება სასურველი მასობრივი სასჯელები და დაპატიმრებები მოხდეს საქართველოში, რისი ეჭვებიც არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ამნისტია საჭირო გახდება", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, იგი ე.წ. სიმართლის კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, თუმცა ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, რადგან აღნიშნა, რომ ამ საკითხს სპეციალისტების მსჯელობა სჭირდება და მისთვის მისი არსი კარგად ცნობილი არ არის. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია, საფუძვლიანიც იყოს და მისაღებიც.

"მე ალბათ ვერ გავაკეთებ რეაქციას და ჩემს დამოკიდებულებას კომისიასთან დაკავშირებით. მას კვალიფიცირებული სპეციალისტების მსჯელობა სჭირდება. შესაძლებელია, რომ საფუძვლიანიც იყოს და მისაღებიც. მე ერთ-ერთი წევრი ვიქნები, თუმცა მე მისი არსი არ მომისმენია, კარგად არ გამიაზრებია და რეაქციას ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა ივანიშვილმა.