"სააკაშვილის ცილისწამება სისხლის სამართლის საქმის დასაწყებად საკმარისი იქნებოდა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სააკაშვილს რომ სერიოზულ ოპონენტად განიხილავდეს, ციხის კადრების 2 მილიონად ყიდვის შესახებ განცხადება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დასაწყებად საკმარისი იქნებოდა.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

"მე გავიხსენე უპასუხისმგებლო განცხადება პრეზიდენტის და ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ჩანაწერი, როგორ პოულობენ ამ ხალხს ყველას ერთნაირებს, საოცარია. ის ჩემზე აკეთებს განცხადებას, რომ სიცრუეში აცხოვრებს ქვეყანას და ასეთი განცხადება გააკეთა, რომ სულ ცრუობს. "გურია ნიუსის" ინტერვიუ აქვს, ალბათ, მხედველობაში [სადაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა]. იმ ინტერვიუში, როდესაც ამ სამეულზე – გელა ხვედელიძეზე, ლაშა ნაცვლიშვილსა და გია ხუხაშვილზე აჟიოტაჟი იყო. მე გავაკეთე ანალიზი და ამის საფუძველი აბსოლუტურად გამაჩნდა, ეს ჩანაწერები, სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობის" დროს არის გაკეთებული. ისიც ვიცით, რომ უზარმაზარი არქივი არსებობს მათ მიერ შექმნილი. ასე, რომ ჩემს მიერ გამოთქმული ეჭვი აბსოლუტურად საფუძვლიანი იყო. ამავდროულად, მე იქ ჟურნალისტს პრინციპულად ვეთანხმები, რომ საბოლოო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას. ეს არ არის ის, რასაც ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ყოველგვარი აპელირების გარეშე, რომ ივანიშვილმა 2 მილიონი გადაიხადა. მას რომ სერიოზულ ოპონენტად განვიხილავდე, საკმარისია ეს რომ, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ცილისწამებისთვის, მაგრამ მე ამისთვის დროს აღარ ვკარგავ. მე მგონი, მას ამის სურვილიც აქვს, რომ პირადულზე გადაიტანოს. ნახეთ გამონათქვამები სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის, რასაც აკეთებდა სააკაშვილი და მისი გუნდი წლების განმავლობაში, იმას მომაწერს მე, რომ არ ვარ თანმიმდევრული და სიცრუეში მინდა, ვამყოფო მთელი ქვეყანა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ, აღარ წამოვიდნენ შანტაჟზე და განსაკუთრებით სტუდენტები. ჩემი აზრით, სპეციალურად დადის, რა ჰქონდა სათქმელი სტუდენტებთან, ვერ გავიგე რისთვის მივიდა. აღარ ეგებიან მათ გამონათქვამებს", - განაცხადა ივანიშვილმა.