"მე მგონია, რომ საია-მ გარკვეულ დროს თავის უფლებებს გადააჭარბა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ საია-მ გარკვეულ დროს თავის უფლებებს გადააჭარბა.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

"საია-ს განცხადებას რაც შეეხება, მათ აქვთ უფლება ასეთი ეჭვი ჰქონდეთ და პროკურატურაც და ჩვენც დავინტერესდებით, მე გამოძიებაში არ ვერევი და შესაბამისად, ვერ მოგახსენებთ, როდის დასრულდება ის. მე ვკითხულობ ამ ამბებს და მიმტკიცებენ, რომ ფაქტები აქვთ საკმარისზე მეტი, იმის იქით მე ჩარევის უფლება არ მაქვს. რაც შეეხება საია-ს, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ჩემი სურვილია და ვაპირებ, მოგვიანებით ამ პროცესში თავად ჩავერთო, მაგრამ შევახსენებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ მათაც თავისი ფუნქცია აქვთ და საია-ც ვერ იქნება მოსამართლე და ვერ ექნება იმაზე მეტი ფუნქცია და იმას ვერ გადააჭარბებენ. სახელმწიფოს ჰყავს სტრუქტურები, არსებობს კანონი და ყველამ მის ფარგლებში უნდა მოიქცეს, არ უნდა მივცეთ ზედმეტი აქცენტი, რომ საია-მ თქვა და ქვეყანა უნდა აყირავდეს, ასე არ არის საქმე. მე მგონია, რომ მათ გარკვეულ დროს თავის უფლებებს გადააჭარბეს და ეს მაქვს მხედველობაში. მე მაინც იქ ვრჩები, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა იაქტიუროს, გნებავთ იმ შემთხვევაში თუ გადააჭარბებენ თავიანთ უფლებებსაც, ოღონდაც იაქტიურონ. ოღონდაც საია ახალ სტრუქტურად არ უნდა წარმოვიდგინოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.