სოსო ცისკარიშვილი – ელისო კილაძის მიერ გავრცელებული მასალა სერიოზულ კითხვებს ბადებს

სოსო ცისკარიშვილი – ელისო კილაძის მიერ გავრცელებული მასალა სერიოზულ კითხვებს ბადებს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ფარული აუდიოჩანაწერის გამავრცელებელმა ჟურნალისტმა წყარო აუცილებლად უნდა დაასახელოს , - ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა "ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის მიერ გავრცელებული მასალა სერიოზულ კითხვებს ბადებს, რის გამოც ჟურნალისტმა როგორც გამოძიებას, ასევე საზოგადოებას მისი მოპოვების წყარო აუცილებლად უნდა დაუსახელოს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების დაუყოვნებლივ განადგურების შესახებ, ცისკარიშვილის თქმით, ეს გამართლებულად არ მიაჩნია, რადგან მტკიცებულებებისა და ჩანაწერების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ექსპერტის განცხადებით, მსგავსი ჩანაწერების განადგურება სამომავლოდ უამრავ ბრალდებას დაუსაბუთებელს და უპასუხოს დატოვებს, სწორედ ამიტომ გამოძიებისთვის საჭირო მასალები დაცულ გარემოში აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

როგორც ცნობილია, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა ელისო კილაძემ დღეს ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. მისი თქმით, ამ ჩანაწერში აღწერილია შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის საუბარი, ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილისა და სახალხო კრების წევრ ლაშა ამირეჯიბის შეხვედრის შესახებ. კილაძეს არ დაუკონკრტებია, თუ სად გაიმართა აღნიშნული შეხვედრა და ვინ მიაწოდა მას ფარული აუდიოჩანაწერი. მისი განმარტებით, აღნიშნულ შეხვედრაზე შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ სახალხო კრების წევრ ლაშა ამირეჯიბს მეგობრულად ურჩია, რომ ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილთან შეეწყვიტა ურთიერთობა. კილაძის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე გელა ხვედელიძემ ამირეჯიბს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფარესიშვილის შესახებ არსებობს ვიდეოჩანაწერი და მანვე საკმაოდ ვულგარულად აუხსნა ფარული ვიდეოჩანაწერის შინაარსი.

კილაძის თქმით, საუბარი ასევე შეეხო კვერცხების ბიზნესს. მისივე თქმით, ხვედელიძემ ამირეჯიბს შეხვედრაზე განუცხადა, რომ საქართველოში გარკვეულ ჯგუფებს კვერცხები 6 ცენტნახევრად შემოაქვთ. კილაძის შეფასებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კვერცხების ბიზნესთან დაკავშირებით კარგად ინფორმირებულია. მისივე თქმით, საიტი კვერცხები.ცომ, რომელზეც განთავსდა გიორგი ფარესიშვილთან დაკავშირებული ფარული ვიდეოჩანაწერი, საქართველოდან აშშ-ში გადარიცხული ფულით შეიქმნა.