პრემიერი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. "უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ ტრაგიკული ამბის გამო, რომელიც დღეს ავღანეთში ნატოს ოპერაციის მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ბაზაზე მოხდა.

ქართველმა სამხედროებმა გმირულად მოიგერიეს თვითმკვლელი ტერორისტისა და მეამბოხეთა ჯგუფის თავდასხმა, რასაც სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულები არიან კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. გვყავს დაჭრილებიც.

ქედს ვიხრი მათ წინაშე. ვუერთდები გმირულად დაღუპული ჩვენი სამხედროების ოჯახების უდიდეს მწუხარებას და ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე დღეს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" 16:17 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის შედეგად გარდაცვლილია სამი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი.