პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. "შემძრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში "შირგაზას" ბაზაზე მომხდარმა თავდასხმამ. ჩვენი გმირი ბიჭების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის მოსმენა ჩემთვის ძალიან მძიმეა და მჯერა, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის. მათ საქართველოსა და ჩვენი შვილების მომავალს შეწირეს თავი.

ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და გულწრფელად ვიზიარებ მათი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს. ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ვაჟკაცები ჰყავს.

მე-4 ბრიგადის 42 ბატალიონის სამხედროები - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა - ამ ბიჭების სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენი ისტორიის ფურცლებზე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები.

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, თანამებრძოლებსა და მთელ ქართველ ერს. მინდა დაგარწმუნოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ხსოვნას სათანადოდ მივაგოთ პატივი", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე დღეს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" 16:17 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის შედეგად გარდაცვლილია სამი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი.