ავღანეთში 3 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში 3 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „შირგაზზე“ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამი ჯარისკაცი გარდაიცვალა, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

გარდაცვლილები არიან კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არიან დაჭრილებიც, რომელთაც სამინისტრო შესაბამის სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბაზაზე იერიში მიიტანეს, მოხდა აფეთქება და რამდენიმე ტერორისტი „შირგაზზე“ შეიჭრა. ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალი ავღანეთში დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიბარა. ჰელმანდის პროვინციაში ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ. 42-ე ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების გაფართოება და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობაა. 42-ე ბატალიონმა როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ჩაანაცვლა.