საია - სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს

საია - სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გლდანის დაწესებულებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფი შვიდი პირი მოინახულა. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყველა მათგანთან დეტალური გასაუბრების საფუძველზე საია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, რომელიც საგამოძიებო ორგანოებისა და საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს.

"პატიმრობაში მყოფი პირებიდან ოთხი აცხადებს, რომ ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვის დროს, პროკურორ შოთა რიჟამაძისა და გამომძიებლების მხრიდან მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ხორციელდებოდა. დაკითხვა იწყებოდა საღამოს საათებში და გრძელდებოდა ზოგჯერ 8 საათის განმავლობაშიც კი. პატიმრობაში მყოფი პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოდულის შენობაში დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ ყოფნა, უშუალოდ დაკითხვის პროცესი მხოლოდ საათი ან საათნახევარი გრძელდებოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის დაკითხვა მოწმის სტატუსით და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. პატიმრობაში მყოფმა პირებმა საქმეში მონაწილე პროკურორის შ. რიჟამაძის მხრიდან ზეწოლაზე სასამართლოს წინაშეც განაცხადეს და მისი საქმიდან აცილებაც მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ასევე, უცნობია მოჰყვა თუ არა რაიმე რეაგირება დაკავებული პირების მიერ ზეწოლასთან დაკავშირებულ განცხადებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

საია-ში მიიჩნევენ, რომ დაპატიმრებულ პირებზე ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს. "ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ პირის მოწმის სტატუსით დაკითხვისას, მით უმეტეს, როდესაც აღნიშნულ ჩვენებას შესაძლოა, პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყება მოჰყვეს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადვოკატის მონაწილეობა. საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულება კი სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი უფლების დარღვევას წარმოადგენს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
საიაში ასევე მიიჩნევენ, რომ საქმის რეზონანსულობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს. თავის მხრივ საია სასამართლო პროცესების მონიტორინგს განახორციელებს.