ხვალ, პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტზე დებატები განახლდება. არასამთავრებო სექტროს წარმომადგენლების ავტორობით მომზადებულ და ამჯერად დეპუტატების, ელისო ჩაფიძის და მურმან დუმბაძის სახელით ინიცირებულ პროექტს ხვალ, პირველი მოსმენით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში განიხილავენ.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა. ის ნაცვლად თხუთმეტი წევრისა, ცხრა წევრამდე განისაზღვრება. ასევე იცვლება სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის წესი. კერძოდ, პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით აირჩევს, სამს - საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, ასევე სამს - პარლამენტის წევრთა 1/4-ზე მეტის წარდგენით, ხოლო ერთი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენით იქნება არჩეული.
შემოთავაზებული კანონპროექტით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით, რომლიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიანი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და რომლის ბიუჯეტის ოდენობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 15% უნდა იყოს. ამასთან, იზრდება და იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა და იგი განისაზღვრება სახელმწიფოს წინა წლის მშპ-ის არანაკლებ 0.14%-ით, ნაცვლად დღეს არსებული 0.12%-ისა.
პროექტის თანახმად, მცირდება საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ექვსი წლის ნაცვლად სამი წლის ვადით განისაზღვრება.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს სავარაუდოდ უახლოეს სესიაზე წარედგინება.